geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი წარმოადგენს დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულს, რომლის მიზანია სტუდენტების დახმარება ფსიქოლოგიური თუ აკადემიური სირთულეების დაძლევაში, ასევე მომავალი პროფესიული კადრების მომზადება ფსიქოლოგიური დახმარებისა და კონსულტაციის სფეროში.

 

ცენტრის მისია:

ცენტრის მისიას წარმოადგენს სტუდენტებისთვის მხარდაჭერაზე ორიენტირებული ფსიქოლოგიური სერვისით სარგებლობის ხელმისაწვდომობის გაზრდა, ფსიქიკური ჯანმრთელობის სირთულეების მიმართ ჯანსაღი დამოკიდებულების გაჩენა და შემდგომში მათ პრევენციასა თუ გამკლავებაზე ზრუნვა.

 

ცენტრის მიზნები:

ფსიქოლოგიური კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის ფუნქციონირების  მთავარი მიზნებია:

  • სტუდენტებისთვის ფსიქოლოგიური კონსულტირების ხელმისაწვდომობის გაზრდა;
  • ფსიქოგანათლება და სტუდენტთა ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა, რათა მათ შეძლონ ფსიქოლოგიური სირთულეების ამოცნობა;
  • სტუდენტებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა და ფსიქოლოგსა და სტუდენტს შორის ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის დამყარება;
  • ფსიქოლოგიური დახმარების გაწევა ისეთ სირთულეებთან გამკლავებაში, როგორიცაა დაბალი თვითშეფასება, გუნება-განწყობილების ცვალებადობა,  შფოთვა მიზეზით გამოწვეული სტრესი,  დროის არასწორი მართვა, სწავლასთან დაკავშირებული სირთულე, ინტერპერსონალური ურთიერთობები;
  • თერაპიული ტექნიკების გამოყენებით, სტუდენტთა დახმარება  სირთულეებთან გამკლავებაში, რაც მათი ცხოვრების ხარისხსა და ფსიქოლოგიური კარგად ყოფნის განცდას გააუმჯობესებს;
  • სტუდენტთა დახმარება ისეთი უნარების გამომუშავებაში, რომლებიც დაეხმარება მათ შემდგომში ფსიქოლოგიური პრობლემების დამოუკიდებლად გამკლავებაში;

სტრატეგიები:

  • ფსიქოგანათლება- სოციალური ქსელის გამოყენებით და ტრენინგების საშუალებით;
  • მომართვის შემთხვევაში სტუდენტის ფსიქოლოგიური მდგომარეობის განსაზღვრა და პრობლემის იდენტიფიკაცია;
  • სტუდენტის კონსულტირება პრობლემაზე მუშაობის მიზნით;
  • კონსულტირების პროცესში, თუკი მოცემული შემთხვევა სცდება ცენტრის მომსახურების საზღვრებს, სტუდენტის გადამისამართება შესაბამის სპეციალისტთან;
  • ცენტრში დასაქმებული ფსიქოლოგების მუშაობა კვალიფიციური ფსიქოთერაპევტების სუპერვიზიით, რაც კვალიფიციური და  მაღალი ხარისხის მომსახურების გარანტიაა;
  • ცენტრში დასაქმებული ფსიქოლოგების პროფესიულ ზრდაზე ზრუნვის მიზნით, მათი ვორქშოფებში, ტრენინგებში, კონფერენციებში მონაწილეობის ხელშეწყობა.

ცენტრის ხედვა და პრინციპები

ფსიქოლოგიური კონულტაციის და ტრენინგის ცენტრის ხედვა ეფუძნება სტუდენტისთვის ფსიქოლოგიური კარგად ყოფნის ხელშეწყობას მტკიცებულებაზე დაფუძნებული თერაპიული მიდგომების გამოყენებით. ცენტრის მიზანია მრავალფეროვანი და ხარისხიანი სერვისების მიწოდება, უსაფრთხოება, კონფიდენციალობა და ინკლუზიის პრინციპების დაცვა.

სტუდენტების ფსიქოლოგიური კარგად ყოფნის ხელშეწყობისთვის ცენტრი ხელმძღვანელობს შემდეგი პრინციპებით:

  • თანაგანცდა -ემპათიური გარემოს უზრუნველყოფა, სადაც სტუდენტი  ფსიქოლოგის მხრიდან იგრძნობს ყურადღებას, თანაგანცდას  და მიმღებლობას.
  • თანამშრომლობა- სტუდენტები კონსულტირების თანაბარი მონაწილეები არიან; ურთიერთობა სტუდენტსა და საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომლებს შორის  ღია და პატივისცემაზე დამყარებულია.
  • ავტონომიურობა-  ცენტრში სერვისის მისაღებად მოსული სტუდენტი ზრდასრული ადამიანია, რომელიც იღებს პასუხისმგებლობას საკუთარი სირთულეების დაძლევაში. სტუდენტისთვის ფსიქოგანათლების მიწოდება და ფისოქლოგიური კონსულტირება საკუთარ ცხოვრებაზე პასუხისმგებლობის აღებასა და სამომავლო მიზნების ძიებასა და დაგეგმვაში;
  • განსხვავებულის მიმართ პატივისცემა-  საკონსულტაციო ცენტრი არის უსაფრთხო და ღია სივრცე ყველა სტუდენტისთვის განურჩევლად, ვინც თვლის, რომ ესაჭიროება ფსიქოლოგიური მხარდაჭერა;
  • კონფიდენციალობა- თითოეულ სტუდენტზე არსებული ინფორმაცია კონფიდენციალურია, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ხდება სტუდენტის გადამისამართება ფსიქოთერაპიაზე, სტუდენტის წერილობითი ნებართვის საფუძველზე ან/და გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არსებობს რისკი კლიენტის მხრიდან საკუთარი თავის ან სხვისთვის ზიანის მიყენების, ბულინგის ან სამართლებრივი დანაშაულისა.